2009-10 სასწავლო წლის დასაწყისში მეოთხე კლასში სიით ირიცხებოდა 15 მოსწავლე. მოსწავლეთა მოძრაობა არ ყოფილა. წლის ბოლოსათვის კლასში კვლავ 15 მოსწავლეა.
სულ გაცდენილია 872 საათი, მათ შორის საპატიო მიზეზით - 854 სთ, ხოლო არასაპატიო მიზეზით - 18 სთ.
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი. ერთობლივად შევიმუშავეთ წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი, ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება.
სკოლის ფსიქოლოგმა - როზა ქათამაძემ საინტერესო სამუშაო გეგმა შემოგვთავაზა და მისი ინიციატივით ჩატარდა კლასის საათები შემდეგ თემებზე: „რას ნიშნავს, იყო ზნეობრივად ჯანსაღი“, „ამპარტავნება და თავმდაბლობა“, „როგორი ქცევა მოგვეთხოვება“, „სინანული, ანუ ჩადენილი ცოდვების შეცნობა და აღიარება“, „დღეს - მოსწავლე, ხვალ - ერისკაცი“, „პატივი ეცით უფროსება“ და სხვა.
ფსიქოლოგთან თანამშრომლობამ დიდი სამსახური გაუწია მოსწავლეებს სასწავლო პროცესში გამოკვეთილი სირთულეების დაძლევაში.
ასევე უდიდესი სამსახური გაგვიწია ბიბლიოთეკასთან მეგობრობამ. ქალბატონ ნაზი მარგალიტაძის ძალისხმევით მოსწავლეებს მიეწოდებოდათ ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, იმართებოდა დისკუსიები, ფილმების განხილვა. მისი დახმარებით განხორციელდა საინტერესო პროექტები ქართულ ენაში (პედ. მ. ნოზაძე): „ანდაზეთი“, „რატომ ვამბობთ ასე“. მოსწავლეებმა შეგროვილი ანდაზები და ფიგურალური სიტყვა-თქმანი საკუთარი ხელით ჩაწერეს წიგნში და საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას.
უამრავი საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა ბუნების მასწავლებელმა ნინო მიქაძემ. მათ შორისაა: “გაზაფხული დადგაო“, ‘დედამიწავ, გილოცავ იუბილეს“, „გავუფრთხილდეთ ბუნებას“, „დავიცვათ სისუფთავე“ და სხვა.
ასევე მრავალმხრივი იყო მათემატიკის მასწავლებლის - ნანა მეშველიშვილის მუშაობაც. მისი პროექტები - შევაფასოთ”, „რა ვისწავლეთ, რა ვიცით“ და ვიქტორინები ახალისებდნენ და ალამაზებდნენ კლასის სასკოლო ცხოვრებას.
კლასი აქტიურად იყო ჩართული საგნობრივ კვირეულებში. ხელოვნების კვირეულში (პედ. თ. კულულაშვილი) მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა ამ სასწავლო დისციპლინაში.
უცხო ენების კვირეულში (პედ. მ. ნადირაშვილი) ჩატარდა ვიქტორინა, სადაც კლასმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია პარალელურ კლასს და წარმატებასაც მიაღწია.
უნდა აღვნიშნო, რომ მეოთხე კლასის მოსწავლეები არიან მოწესრიგებულნი, გონიერნი, აქტიურნი, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, სანიმუშოდ ასრულებენ საშინაო დავალებებს და აქტიურად ერთვებიან ვიქტორინებში, დისკუსიებში, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში. თუმცა გვაქვს სირთულეებიც. კერძოდ, საპროგრამო მასალა სრულყოფილად ვერ აითვისა ორმა მოსწავლემ: თორნიკე ომიაძემ და თორნიკე სიდამონიძემ. წლის განმავლობაში მათთან სისტემატიური დამატებითი მუშაობის მეშვეობით დავაგროვეთ ცოდნის მინიმუმი.
აქტიურად ვმონაწილეობდით საქველმოქმედო აქციებში. შევაგროვეთ სააღდგომო და საშობაო შემოწირულობები და დირექციის მითითებით გადავეცით შეჭირვებულ მოხუცს.
ჩატარდა მშობელთა 4 კრება, სადაც განიხილებოდა საკითხები: ტრიმესტრული შედეგების გაცნობა, გაცდენა-დაგვიანების შესახებ, საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის შესახებ, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების შესახებ და სხვა.
მშობლებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი საშუალებაა ბავშვის აღზრდის საქმეში, ამიტომ ხშირია შეხვედრები, ექსკურსიები, რაც აახლოებს, ამეგობრებს როგორც უფროსებს, ასევე პატარებსაც.
2009-10 სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა 4 გამოცდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა და ბუნებისმცოდნეობა.
ჩემი ინიციატივით სკოლის ისტმენეჯერმა - ეთერ პაიჭაძემ შექმნა მეოთხე კლასის ბლოგი, სადაც განთავსებულია კლასში ჩატარებული ღონისძიებების, პროექტების, კონკურს-ფესტივალების, ღია გაკვეთილებისა და ვიქტორინების ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა . ასევე ნახავთ მოსწავლეთა თხზულებებს, საინფორმაციო ბანკს, მხიარულ გვერდს, სადაც იხილავთ კურიოზებსა და სასკოლო მარგალიტებს.
ბლოგი თანდათან შეივსება სიახლეებითა და საინტერესო სასკოლო და საკლასო ღონისძიებებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий